ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ პოლიციელსა და აქტივისტს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სწორედ ამ თანხას მოითხოვდა ბრალდების მხარე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კუპრავას თავდებში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თავდებში უდგებოდნენ.

საქმე ეხება 11 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ზვიად კუპრავა, რომელიც სხვა პირებთან სასამართლოს სასადილოში ყოფნისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, სხდომათა დარბაზში ასვლის შესახებ, არ დაემორჩილა. კუპრავამ განაცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა. საბოლოოდ, ის იქ იძულებით შეიყვანეს.

იმ დღეს საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას და კიდევ 3 პირის მიმართ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე საქმეს ადმინისტრაციული წესით იხილავდა და საბოლოოდ მათ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

შს სამინისტროს გენინსპექციამ, საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 18 ივნისს ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელს კი სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

სასამართლოს უპატივცემულობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია (366-ე მუხლი). კუპრავას ბრალი ამ მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით), რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები