რას აცხადებს ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მ.კ-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი მცხეთის რაიონულ პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც საქმის მასალების ნაწილს გაეცნო.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმის მასალები პროცედურის მიხედვით სრულად მას შემდეგ ჩაბარდება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული შსს-ს მიერ საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაციის გარკვეულ ნაწილს არ ეთანხმება, მათ შორის იმას, რომ მასა და ამერიკელ ტურისტს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ნიკოლეიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახეზე გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, რასაც ექსპერტიზა შეისწავლის.
“გავეცანი საქმის მასალების ნაწილს, ვესაუბრე ბრალდებულს, რომელსაც ცოტა განსხვავებული პოზიცია აქვს იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც შსს-მ გაავრცელა, სხვა დეტალებზე ვერ გიპასუხებთ. ჯერჯერობით ბრალი არ აქვს წაყენებული, სავარაუდოდ, დღეს არც წაეყენება, ახლა გადაჰყავთ ექსპერტიზაზე დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც მას აღენიშნება და სავარაუდოდ, ხვალ მოხდება ბრალის წაყენება”, -განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე არის თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოლოგიურად სტაბილური, ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა.
“მხოლოდ ერთი გასაუბრებით, ბუნებრივია ამას ვერ დაადგენს ადვოკატი, ამას ექსპერტიზა სჭირდება, ერთი შეხედვით მე ვერ შევნიშნე რაიმე არაადეკვატურობის”, – აღნიშნა ადვოკატმა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები