“მედავებიან, რომ თურმე სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე ჭამა” – ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინეს

ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
“ამჯერად მოგესალმებით უკვე ახალი, ბრალდებულის სტაუსით. გამოძიება დაიწყო 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღეს კი ბრალი დაამძიმეს და მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე მინდა ამ სამარცხვინო ბრალდების ერთი ძალიან პატარა მონაკვეთი წარგიდგინოთ, სადაც საზოგადოება კარგად ნახავს, რა ჭირი გვჭირს ქვეყანაში: “პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება”, – ესაა ოფიციალური ბრალდება.
ამას მედავებიან, რომ თურმე სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე ჭამა. ეს არის ცირკი. გაიმართება სასამართლო სხდომა. გაუგებარია, აქ რატომ დამიბარეს, იმიტომ რომ სხვისი თეფშიდან გავაგრძელე ჭამა? კარგით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული, ვაგებ ამაზე პასუხს, იმ პირს, ვისი თეფშიდანაც შევჭამე, დავუბრუნებ იმ ხორცს. ეს არის მარაზმი”, – განაცხადა კუპრავამ.
ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები