ბრალდებულებს, რომლებიც „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად აყვანას აპირებდნენ, 7-7 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 ბრალდებულს, რომლებმაც შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად აყვანა სცადეს, 7-7 წლით პატიმტობა შეეფარდათ, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა შპს „გორგიას“ დამფუძნებლის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდების საქმეზე, გურამ დ.-ს, ვასილ ვ.-ს, რამაზ მ.-ს და დავით ფ.-ს მიმართ.
ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს მოქმედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ბრალდებულებს რამაზ მ.-სა და დავით ფ.-ს, ასევე, ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შპს „გორგიას“ დამფუძნებლის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და მისგან დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნის მიზნით, იქირავეს გ.გ.-ს მეზობლად საცხოვრებელი ფართი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უთვალთვალებდნენ მას, სწავლობდნენ გადაადგილების გრაფიკს, აკვირდებოდნენ ოჯახის წევრებს და ელოდებოდნენ ხელსაყრელ შემთხვევას, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელებისათვის საშიში ძალადობით, ასევე ძალადობის გამოყენების მუქარით, გეგმავდნენ მძევლის ხელში ჩაგდებას.
მძევლისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთები, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტრო შოკი, მობილური ტელეფონები, პირბადეები და ე.წ პარიკი.
2017 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და აღკვეთეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებათა შეჯამების შედეგად, მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადება. ამდენად, წარდგენილი ბრალდება – მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება, გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულები გამტყუნდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებისათვის. სასამართლომ ასევე, რამაზ მ. და დავით ფ. დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის. ოთხივე ბრალდებულს, სასჯელის სახედ და ზომად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თითოეულს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები