„გლობუსის“ თეატრალური დასი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე „პარტახს“ წარმოადგენს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის რეგიონებში განაგრძობს ფართო საზოგადოებისთვის მასშტაბური პროექტის, „ემეგობრე მემკვიდრეობის“ გაცნობის პროცესს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პროექტის მიზანია ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროცესის გააქტიურება.
პროექტის „ემეგობრე მემკვიდრეობის“ წარდგენა 10 ივლისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება, სადაც ღონისძიების ფარგლებში თეატრალიზებული პერფორმანსიც მოეწყობა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრებიან.
დაარსების დღიდან 1 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ კლუბში პარტნიორების რანგში გაწევრიანებულ ბიზნესკომპანიებსა და სახელოვნებო გაერთიანებებს დღეს კიდევ ერთი მეგობარი ორგანიზაცია შეემატება. კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თბილისის მუნიციპალურ თეატრ „გლობუსთან“ გააფორმებს. გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე კი კლუბის წევრებისთვის თეატრ „გლობუსის“ წარმოდგენები სპეციალური ფასდაკლების პაკეტით გახდება ხელმისაწვდომი.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში „გლობუსის“ თეატრალური დასი დამსწრე საზოგადოებას ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლ „პარტახს“ შესთავაზებს, რომელიც რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის მიერაა დადგმული.
სტუმრებისთვის უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვასაც დაეთმობა.
საზეიმო ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე 20 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები