სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები – მოსე დ., გივი ბ. და შალვა ღ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში მოსე დ.-მ, შალვა ღ.-მ და გივი ბ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს,  დიდი ოდენობით ინერტული მასალა – ქვიშა-ღორღი ლიცენზიის გარეშე მოეპოვებინათ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით,  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე ფაქტზე, 2018 წლის 29 მარტს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები