ატმის საბითუმო ფასი 70-დან 80 თეთრამდე მერყეობს
5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.4 ათასი ტონა ატამი, რაც 3.5 ათასი ტონით (5-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (66.5%), სომხეთის რესპუბლიკაში (16.1%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14.6%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.