მცხეთაში კრამიტსამარხი გამოვლინდა

მცხეთის ძველი კინოთეატრის არსებული შენობის ბაზაზე მშენებარე არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო ქვაბულის სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილში კრამიტსამარხი გამოვლინდა.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კრამიტსამარხი, სავარაუდოდ, გასულ საუკუნეში უცნობი დანიშნულების შენობის აგებისასაა დაზიანებული. ქვაბულის სამხრეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში (ისტორიული კარიბჭის მარცხენა კურტინის გასწვრივ) დაფიქსირდა დამტვრეული, ძირითადად, ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის საკმაოდ მძლავრი, დაახლ. 1,4 -1,6 მ. სიმაღლის ფენა. აღნიშნულ კრამიტყრილს, მკვლევრები გასული საუკუნის 60-იან წლებში განხორციელებული არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირებენ, რომლის დროსაც გამოვლინდა დიდი მცხეთის ახ. წ.V-VI სს. კარიბჭე.
სპეციალისტების მოსაზრებით, ახლადგამოვლენილი არქეოლოგიური ფენის ადგილი, რომელიც ახ. წ. VI საუკუნის კარიბჭემდე დიდი მცხეთის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგნედა, სამომავლო გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს.
არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო მოედანზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე წარიმართება. პროცესის ფარგლებში მოძიებული კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ღირებული არტეფაქტები კი, მათი საზღვრების, ფუნქციისა და თარიღის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრის შემდეგ, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შეინახება.
არქეოლოგების მოლოდინით, საკვლევ ტერიტორიაზე მაღალი ალბათობით დიდი მცხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს გამოვლენილი არტეფაქტების მსგავსად, ძვ. წელთაღრიცხვის I და ახ. წელთაღრიცხვის I-III და IV-V საუკუნეების არქეოლოგიური ობიეტქები და ნაშთები აღმოჩნდება.
ახალი არქეოლოგიური ობიექტი და მცხეთის ძველი კინოთეატრის შენობა, რომლის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სამუშაო ჯგუფთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა.
მცხეთის ძველი კინოთეატრის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტირების პროცესი ამ ეტაპზე არსებული შენობის გამაგრებასა და გადაგეგმარებას მოიცავს. არსებული პროექტი მასში მუზეუმის ადმინისტრაციის განთავსებას, სამუზეუმო საცავების, მუზეუმის მიმღების, საგამოფენო დარბაზის, საკონფერენციო სივრცის, კაფეს, სველი წერტილებისა დადამხმარე სასაწყობე სათავსების მოწყობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად, ახალი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გარე განათებებით, რეაბილიტირებული აუზით, გამწვანებითა და ავტოსადგომებით კეთილმოეწყობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში 2019 წლიდან განთავსედება, სადაც ეროვნული მუზეუმის საცავებში და მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში შენახული 23 ათასი ერთეული არტეფაქტისაგან შემდგარი კოლექცია დაიდებს ბინას.
ახალი მუზეუმის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით მომზადდა, გაერთიანებული ერების მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) შეთანხდა და ის მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა.
მცხეთის ძველი კინოთეატრის მუზეუმად რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 7 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ფიზიკურ სამუშაოებს კი კომპანია „ჯავა“ მოგებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები