„ძველი და ახალი ხევსურეთი“ – ფოლკლორის ცენტრში გამოფენა გაიხსნება

9 ივლისს, 19 საათზე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა – „ძველი და ახალი ხევსურეთი“.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, გამოიფინება საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების (ხელმძღვანელი ელისო არაბული) ოსტატთა, – ლია ანიაშვილის, ლეილა აბურჯანიას, ლუდა გელოვანის, ნელი ლომსაძის, მანანა ღრეულის, ზურაბ ბიჩინაურის და ლევან თეთრუაშვილის ნამუშევრები: ქალისა და მამაკაცის სამოსი, ხელნაკეთი აქსესუარები, ფარდაგი და იარაღი.
საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილება შეიქმნა 1988-90 წლებში სიონის საკათედრო ტაძარში, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით. იგი მიზნად ისახავდა მამა-პაპათა ტრადიციების აღდგენასა და განვითარებას. განყოფილება წლების განმავლობაში გაფართოვდა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქია მოიცვა.
გამოფენა  12 ივლისს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები