შს სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

   შს სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც პორტალ “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის – ჰეიდარ ალიევის საფლავი და შეხიდოვის ხეივანში მარადიული ცეცხლის კომპლექსი გვირგვინებით შეამკო. შემდეგ დელეგაციამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ რაფაილ მირზოევთან და მინისტრის მოადგილე ფაიკ ტაგი-ზადესთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა შეხვედრაზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო ღონისძიებები და გეგმები დასახეს. იმავე დღეს ქართული დელეგაცია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო მის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს.
საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სამოქალაქო თავდაცვის ძალების სამეთაურო შტაბი და სამინისტროს განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახური. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ნაწილს და ადგილზე გაეცნო სამსახურის საქმიანობის პრინციპებს, სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერა. დღის ბოლოს დელეგაცია ასევე ესტუმრა ჯეირანბატინის წყალსაცავს, სადაც მისი უსაფრთხოების მართვის პროცესს და, ზოგადად, მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.
აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გასული წლის 1 აგვისტოს მოეწერა ხელი. საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბაქოში 26 იანვარს გაემგზავრა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში 29 იანვარს დამთავრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები