პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ – ნინოწმინდის კულტურის ცენტრი მწერლებს და ხელოვანებს უმასპინძლებს
5 ივლისს 15:00 საათზე, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მწერლები, მეცნიერები და ხელოვანები – მაკა ბლიაძე, ჟორა სნხჩიანი, ლევონ ჩიდილიანი ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ყურადღებას გაამახვილებენ წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე, მათ შორის დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე, ნოდარ დუმბაძე – 90.
გაიმართება სამინისტროს ხელშეწყობით სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით, ნაჩვენები იქნება ბოლო დროის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმები.
გაიმართება კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
15 მაისს დაიწყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ განხორციელება, რომლის მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.