საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა
ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნორმანმა საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში NIB-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას.
სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. დღეისთვის, NIB-ის ინტერესს წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
NIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებს.
სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 1975 წელს დაფუძნდა და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიტვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.