ლიანა ისაკაძის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 აგვისტოდან დაიწყება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ლიანა ისაკაძის X საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათა სადრაძე.
საიუბილეო ფესტივალი 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს  საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ორკესტრი „ვირტუოზები“.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვები.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესადა დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები