„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“, 35 დღე იყო გამოყოფილი და ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო”
„ჩვენ ვთვლით, რომ გამოძიება სწორად იქნა წარმართული, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩვენი სტრატეგიის და ტაქტიკის მიხედვით წარიმართა“, – ამის შესახებ შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, შალვა ბედოიძემ განმარტა, რომ გამოძიებას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“, 35 დღე ჰქონდა გამოყოფილი და ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო.
„პირველ რიგში, მინდა გიპასუხოთ, რომ ხორავას ეპიზოდთან დაკავშირებით, იმ შემჭიდროვებულ ვადებში, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“, 35 დღე გვქონდა, ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო.
მკვლელობის ფაქტს რაც შეეხება, ყველა დეტალი იქნა ამოწურული.
სხვა დეტალებს ვგულისხმობ, იქ ჩხუბის რამდენიმე კერა იყო, სხვადასხვა ინციდენტები იყო. რომ არ ყოფილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა, ამ მიზნით მოხდა აღნიშნული საქმიდან გამოყოფა დაუდგენელი პირების საქმის.
რომლის ფარგლებში დღესაც მიმდინარეობს გამოძიება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ გამოძიების ტაქტიკა იყო სწორი. ამას ადასტურებს, გამომძიებელმაც მოგახსენათ, თუნდაც ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გატარებულ იქნა და ყველა მათგანი სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი, ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ დადგენილ და დაკავებულ იქნენ ის პირები, ვინც ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული – არასრულწლოვნების მკვლელობას ვგულისხმობ.
საქმესთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის რევიზირებისას, ანუ შესწავლისას, შესაძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრი გამოძიების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვთვლით, რომ სწორად იქნა წარმართული.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩვენი სტრატეგიის და ტაქტიკის მიხედვით წარიმართა.
როგორც გუშინ აღნიშნა გამომძიებელმა, იორდანიშვილთან შემთხვევის დღესვე მოხდა გასაუბრება.
მიღებული იქნა მისგან ინფორმაცია, ბუნებრივია, გაგვიჩნდა ჩვენც კითხვები, ვინაიდან მისი მანქანა და თვითონაც იქ იმყოფებოდა. ველოდებოდით, რომ მისგან მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეღო.
როგორც თქვენ გიჩნდებათ კითხვები, ისე ჩვენ გვიჩნდებოდა. თქვენ ამ ადამიანს 6 თვის შემდეგ გაესაუბრეთ და იგივე პასუხები მიიღეთ, რაც გამოძიებას უთხრა, დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ჩვენ შევეცადეთ, გვემუშავა ოპერატიულად, რადგან საქმესთან დაკავშირებით, სრული ჭეშმარიტება გარკვეულიყო“, – განაცხადა შალვა ბედოიძემ.