კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნინო ჩხეიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ნინო ჩხეიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ჩხეიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო, რომელმაც სახასიათო როლები მრავალ ფილმსა და სპექტაკლში შექმნა. მან 150-მდე როლი შეასრულა.
იგი ცნობილია, როგორც სახასიათო როლების უბადლო შემსრულებელი; აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის “ნინოშვილის გურია”), ეკა (დ. კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება”), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”), ძიძა (უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”), პეპელა (გ. მდივნის “ვარდო”), მართა (ა. პარონიანის “ძია ბაღდასარი”), ეკა (რ. ჯაფარიძის “ჯარისკაცის ქვრივი”), კნეინა (შ. დადიანის “გუშინდელნი”), სოფიო (ა. წერეთლის “ბუტიაობა”), გადია (ნ. ლორთქიფანიძის “ჟამთა სიავე”), ცაცანა (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”) და სხვა;
მისი შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სცენური სიმართლით და იმპროვიზაციის ნიჭით; გადაღებულია ფილმებში: “მაგდანას ლურჯა”, “კარდაკარ”, “მიხა”, “ერთი ცის ქვეშ”, “მე ვხედავ მზეს”, “ხათაბალა”, “დათა თუთაშხია” , „სამოთხის გვრიტები“ და სხვა; ნინო (ნინიკო) ჩხეიძემ დაწერა წიგნი უშანგი ჩხეიძეზე – “უშანგი” (1998), რომელიც ქართული თეატრისა და მთლიანად ქართული კულტურის მატიანეა.