მამუკა ბახტაძე: ახალი საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი ნაკარნახევია სწორედ ჩვენი მცირე მეწარმეების ინიციატივით

ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა დეტალურად ისაუბრა იმ უნიკალურ საგადასახადო რეჟიმზე, რომელსაც მთავრობა მცირე მეწარმეებს სთავაზობს.
„მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-დან 1%-მდე მცირდება;მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ საავანსო გადასახადის სახით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ უწევდათ გადასახადის გადახდა წინასწარ რეჟიმში; მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მცირე მეწარმის სტატუსს დაკარგავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა შეძლებს, ისარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით, მიუხედავად იმისა, ის იხდის დღგ-ს თუ არა.
„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, რომელთათვის ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია, რომ მათ განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს, უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე პირადად წლის დასაწყისიდან მქონდა არაერთი შეხვედრა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მცირე მეწარმეებთან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ნაკარნახევია მათი ინიციატივით. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეწარმეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული რეფორმის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც პირადად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები