“ქართული მარშის” წევრები, რომლებიც “რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქართული მარშის” წევრები, რომლებიც “რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ 7000-7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს 7 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
კერძოდ, მოსამართლემ მაშინ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგი რეპლიკა გააპროტესტეს:
“მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
იმავე დღეს „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები