“რუსულ “ფეესბეს” ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს, მკვლელი სააკაშვილმა დაიქირავა”

“რუსულ “ფეესბეს” ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს, მკვლელი სააკაშვილმა დაიქირავა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
კობა დავითაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ, “კვირის აქცენტებში” გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს, როდესაც ნიკა გვარამია, რომელიც გენპროკურორის მოადგილე იყო იმ დროს და სააკაშვილი პრეზიდენტი, ეუბნებოდა, რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის, ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა, რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც, მისი გამოსაძიებელი იყო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდათ სტუდიაში და უთხრეს, შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო. სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივმართო ბატონ გვარამიას, ბატონო ნიკა, მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი მაინც დაიცავით და მომეცით უფლება, გამოვიდე თქვენი ეთერით და პასუხი გავცე სააკაშვილს. მას თუ არ შეეშინდება, ჩაერთოს თავის ამსტერდამიდან. რაც მან ისაუბრა, არის სრული სიცრუე. არანაირ რუსულ “ფეესბეს” ჩემი ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. სააკაშვილმა დეტალებიც კი გაიხსენა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მკვლელი, რომლის მამა ცხოვრობდა ვლადიკავკაზში, ხოლო დედა რუსთავში და იყო ქართველი, დაქირავებული იყო სააკაშვილის მიერ. მისი ვლადიკავკაზთან კავშირი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მერე ეს ყველაფერი დაებრალებინათ რუსეთისთვის. რუსეთის “ფეესბეს” ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, ჩემი მეზობლები შეუშლიდნენ ხელს?!”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ე.წ. ნა ვერტილეს საქმეზე დანაშაულში გამოტყდა.
“შეგახსენებთ, მოხდა ფარული ჩაწერა პარლამენტის წევრის, კობა დავითაშილის და მაშინდელი კანონმდებლობა კრძალავდა პარლამენტის წევრის ჩაწერას საერთოდ. ამიტომ სააკაშვილმა მაშინ მოიგონა ტყუილი, რომ მე სახელმწიფომ კი არა, არამედ იმ სუფრის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გამიტაცა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა, გაურკვეველ ვითარებაში. სააკაშვილს ეს ყველაფერი დაავიწყდა და მერაბიშვილსაც დაადო ხელი, დამირეკაო და კობა დავითაშვილს პოლიტიკურ გვამად ვაქცევ, ასეთი იდეაო მომივიდაო. ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო ბევრად გვიან, თავდასხმის ფაქტიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში აღიარა სააკაშვილმა და ხელი დაადო ვანო მერაბიშვილს. მოვითხოვ ან შსს-მ, ან პროკურატურამ, თავად გადაწყვიტონ, დაუყონებლივ დაიკითხოს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილი, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო, რაც მდგომარეობდა პარლამენტის წევრის მიმართ უკანონო დევნაში”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილზე 2006 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები