„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს არამარტო საქონლით, არამედ მომსახურებით ვაჭრობასაც”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ჰონგ კონგთან 28 ივნისს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოვლისმომცველია და მოიცავს ვაჭრობის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის ვაჭრობის ბარიერებთან დაკავშირებულს, იქნება ეს – ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები და სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები, ინვესტიციები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და ყველა სხვა ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს არა მარტო საქონლით ვაჭრობას, არამედ მომსახურებით ვაჭრობასაც. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ისეთ მნიშვნელოვან რეგიონთან, როგორიცაა ჰონგკონგის ადმინისტრაციული რეგიონი, რომელიც არის სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბი,” – განაცხადა გენადი არველაძემ.
ხელმოწერა ჰონგ კონგში, „ერთი სარტყელი – ერთი გზის” სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, როდესაც საუბარია „ერთი სარტყლისა და ერთი გზის” ინიციატივაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა სავაჭრო ბარიერის მოხსნა. „ამ თვალსაზრისით, ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რადგან ეს საილუსტრაციო შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება რეგიონის ქვეყნებმა მოხსნან ვაჭრობის ბარიერები, რათა ხელი შეეწყოს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ვაჭრობას,” – განაცხადა გენადი არველაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს, ორივე ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს და ორივე მხარისთვის მოაქვს დადებითი შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები