რომან კაკულია: სავალუტო ფონდის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორად მივდივართ

“სავალუტო ფონდის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორად მივდივართ. საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს, შესაბამისად, შედეგიც პოზიტიურია”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მართებული გზით მიდის, შესაბამისად, შედეგიც პოზიტიურია.
„თუ ასე დასვამთ კითხვას: რას ნიშნავს სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და მთავრობის შეცვლა რამდენიმე კვირის წინ, გიპასუხებთ, რომ სავალუტო ფონდის ანგარიში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართებული გზით მივდივართ, ხოლო სამთავრობო ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სვლის ტემპები არ იყო საკმარისი საზოგადოების მოლოდინის დასაკმაყოფილებლად. საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს, შესაბამისად, შედეგიც პოზიტიურია”,-აღნიშნა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ საკუთარი ინიციატივებით მოახერხა კონცენტრირება ყველაზე მოწყვლად სეგმენტზე – საზოგადოების იმ პრობლემებზე, რომლებიც ადეკვატურ რეაქციებს საჭიროებენ. როგორც მან განაცხადა, კვირიკაშვილის მთავრობამ, ბევრი ფუნდამენტალური აგური დადო ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობის გზაზე და სავალუტო ფონდის ანგარიშიც, სწორედ, ამის დასტურია.
“პოზიტიურად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ უკვე გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიან პერსპექტივაში გაამართლებს, ხოლო, გამოწვევა, რომელსაც ერქვა ყველაზე მოწყვლად თემებზე კონცენტრირება, მკაფიოდ აისახა ახალი პრემიერის განცხადებებში. კონცენტრირება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ისაუბრო პრობლემაზე, საჭიროა ინსტრუმენტების მოფიქრება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. საჭირო ინსტრუმენტების შექმნა რთულია. რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი: რეგიონებში განათლება არის დაბალი ხარისხის, მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის ამ ადამიანების პრიორიტეტები, ძალიან უჭირთ ბანკებთან ურთიერთობა და აქაც რთულია ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც დაეხმარება მეწარმეს. ბახტაძის განცხადებებში ეს კომპონენტები ჩანს და ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ მისი ხედვა მართებულია. იმედი მაქვს, ყველა ერთად დავანახებთ საზოგადოებას განვითარების ტენდენციას.
მთავარია, არ შევქმნათ გაზვიადებული მოლოდინები და დავანახოთ განვითარების ტენდენცია საზოგადოებას. როდესაც ტენდენცია არის შეუქცევადი და სწორი, მაშინ ყველა გაგებით მოეკიდება რეფორმებსაც. თუ საზოგადოებას ობიექტურ რეალობას ვაჩვენებთ, ჩემი აზრით, მხარდაჭერაც მეტი გვექნება“,-განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები