მოსამართლე: თამთა ჯანჯღავას ქცევა მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ ჯანჯღავას ქცევაზე გაამახვილა ყურადღება, რა დროსაც დანაშაულის ჩადენამდე, სავარაუდოდ, იგი საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს უგულებელყოფდა. ამიტომ, ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, დანაშაულებრივი საქმიანობა განაგრძოს.
“როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები თავიდან, ვგულისხმობ დანას. მან ასევე, გამოიცვალა ის მაისური, რომელიც ეცვა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. გარდა ამისა, მოწმეებთან, ვინც არიან დაკითხული და შემდეგ სასამართლოზეც უნდა დაიკითხონ, აქვთ ახლო ურთიერთობები ორივე ბრალდებულთან და აქედან გამომდინარე, არსებობს მათზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, თამთა ჯანჯღავას ქცევაზე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც იკვეთება საქმეში არსებული ინფორმაციიდან, სავარაუდოდ, იგი უგულებელყოფდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს. ეს გარემოება, სხვა სეგმენტებთან ერთობლიობაში, მიანიშნებს, რომ თამთა ჯანჯღავა არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მით უფრო, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, კონფლიქტი ჯერჯერობით ამოწურული არაა”, – განაცხადა მოსამართლემ.
მისივე თქმით, თამთა ჯანჯღავას ბავშვებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს დაევალა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. როგორც მან აღნიშნა, თუ ნათესავები საკუთარ თავზე არ აიღებენ მათზე მზრუნველობის გაწევას, ბავშვებისთვის სახელმწიფო შესაბამის დაწესებულებას მოიძიებს.
“ახლა ისინი იმყოფებიან ნათესავებთან. ბრალდების მხარეს დაევალა შესაბამისი რეაგირების მოხდენა. იგი შეადგენს დოკუმენტურად ოქმებს. თუ რომელიმე ნათესავი აიღებს თავის თავზე მზრუნველობის გაწევას მცირეწლოვან ბავშვებზე, ბავშვები მასთან დარჩებიან, თუ არადა, სახელმწიფო მოიძიებს შესაბამის დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამ მცირეწლოვანი ბავშვების ნორმალური განვითარება და აღზრდა”, – განმარტა გიორგი კერატიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. პროკურორის ინფორმაციით კი ბრალდებულებს – თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები