დედაქალაქის მერმა ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაჰპირდა.
„მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვაწესრიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელ ქალაქში მიმდინარეობს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, საგზაო სამუშაოები მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა და სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა დაათვალიერეს.
„20-25 წლის განმავლობაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყო. დავიწყეთ სამუშაოები, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შეიცვალა და ორფენიანი ასფალტის გზა ეწყობა. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე, შიდა ეზოებსაც მოვაწესრიგებთ“, – აღნიშნა კახა გულედანმა.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე N20-22-24 კორპუსების მიმდებარედ, ასფალტბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობა ხორციელდება, რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად ბალასტის ნარევით კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4600 კვ.მ ფართობზე დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელი გასულ წელს უკვე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები