“ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს”

„გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს, რათა უზრუნველყოთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტი სისტემურობა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

“ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ვიქნებით თანმიმდევრული ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე და გამოვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს, უზრუნველყოფთ ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს და ჩვენი უნიკალური კულტურითა და თვითმყოფადობით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, რომელთანაც ცივილიზაციური ერთობა გვაკავშირებს.
ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ბახტაძემ.
მისი თქმით, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფორმატია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გულისხმობს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები.
ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ტერორიზმთან ბრძოლისა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ამ წუთებში, მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები