მამუკა ბახტაძე: მულტინაციონალურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში წარმომადგენლობები დააფუძნონ

„მულტინაციონალურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში დააფუძნონ წარმომადგენლობები და ისარგებლონ მსოფლიოში ყველაზე შეღავათიანი დაბეგვრის საგადასახადო რეჟიმით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენ გავხდეთ რეგიონული ცენტრი ამ მიმართულებით.

„ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ამასთანავე, უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ ყველა დოკუმენტს გავაუქმებთ, რაც დღეს არსებობს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის.

გარდა ამისა, მინდა შევეხო ადმინისტრირების ნაწილს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ამ კუთხით, ისეთ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა ეფექტურად იმართება. ბუნებრივია, სწორედ ასეთი ქვეყნები უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირად სწორედ პატარა და მოქნილი ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს ციფრული რევოლუცია. აქ, შეგვიძლია მოვიყვანოთ, ესტონეთის, ფინეთის და სხვების მაგალითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი ტექნოლოგიებით. ყველა გადასახადი, დღგ-ს გარდა, იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიით განვითარებული, და შესაბამისად, ამოცანა მიეცემა ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალი წლის განმავლობაში უკვე გააკეთოს საპილოტო პროექტის პრეზენტაცია. შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის საქართველოში რეგიონული ოფისების დასაფუძნებლად. მულტინაციონალურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში დააფუძნონ წარმომადგენლობები და ისარგებლონ მსოფლიოში ყველაზე შეღავათიანი დაბეგვრის საგადასახადო რეჟიმით. მე მწამს, რომ საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენ გავხდეთ რეგიონული ცენტრი ამ მიმართულებით.
შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სპეციალური საგდასახადო რეჟიმები, რომლებიც ერთის მხრივ, თავსებადი იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან, მაგრამ ამავე დროს იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე, ვინაიდან ამ სეგმენტში კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი.
თუმცაღა ის საგადასახადო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ და არის წარმოდგენილი პროგრამაში – გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიყოთ საკმაოდ ამბიციურები ამ მიმართულებით. რომ ამ ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ საქართველოში მოვიზიდოთ მულტინაციონალური კომპანიები, თავისი მსხვილი ოფისებით. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადაქცევას რეგიონულ ფინანსურ ცენტრად. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონალინ-რეგისტრაციას, ისე რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწიოთ. ამავე დროს საბანკო ანგარიშების გახსნას, ისე რომ, მათ ეს გააკეთონ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, რომ მათ გაიზარდონ თავიანთი ბაზარი და საქართველოს მცირე ბაზრიდან გადავიდნენ შედარებით მსხვილ ბაზრებზე“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები