“სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე“

„მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები და რომლებიც სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე – რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ბიზნესისთვის. ბახტაძის თქმით, დღეს, ამ პრობლემების გადაჭრას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
„აქდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ის აუცილებლად განხორციელდება უმოკლეს ვადებში.
გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას. ამით გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად.
რა თქმა უნდა, გადახდისუუნარობის სისტემის არქონა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკა და ჯანსაღი საბაზრო ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის დროული მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქაც, მე მინდა პარლამენტს მხარდაჭერა ვთხოვო“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები