“ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ სამშობლოში თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის განახლებული პროგრამა წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, ყველა განხორციელებული რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, რომ ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას.

მან მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, ნდობის გასამართლებლად.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო და გუნდთან ერთად ვემსახურო ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო წინ წავიდა მრავალი მიმართულებით, საშინაო რეფორმებით დაწყებული დამთავრებული საგარეო პოლიტიკით. დღეს წარმოვადგენ მთავრობის განახლებულ პროგრამას, რომელიც ეფუძნება მმართველი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს” გაცხადებულ ღირებულებებს. რა არის ეს ღირებულებები და რას ელოდება ხალხი მმართველი ძალისგან?! – ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიეტირებული რეფორმებზე, მაგრამ ამავე დროს რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ თავიანთ სამშობლოში მოახდინონ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, იყვნენ დაცულები და ჰქონდეთ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს არის ამოსავალი და ამაზეა აგებული მთავრობის ახალი პროგრამა. ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორც გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას და ჩვენი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან” , – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები