მამუკა ბახტაძე: ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ციფრული სერვისების განვითარებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც თითოეულ სამთავრობო უწყებას ექნება, ციფრული სერვისების განვითარებაა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას,  სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც შეეხო.

“დღეს კომიტეტებზე თქვენ გქონდათ საშუალება, მოგესმინათ სხვადასხვა პროფილის სამინისტროებისთვის, მინდა სოფლის მეურნეობაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა, ამაზე ბევრი თქმულა. მთავარ გამოწვევად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება ის, რომ სოფლად ჯერ კიდევ მაღალია ე.წ. ნატურალური მეურნეობის დონე. როდესაც შენ გაქვს ნატურალური მეურნეობის მაღალი დონე, ბუნებრივია, სოფელი ცხოვრობს ძალიან ღარიბად. ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა, ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული გადაწყვეტა. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები როგორც საგადასახადო, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ გავაძლიეროთ კომპეტენციები რეგიონულ დონეზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეს ცხოვრობს სოფლად და სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში არ არის იმის ადეკვატური, რამდენი მოქალაქეც არის მასში დასაქმებული. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

მინდა, მცირე მთავრობაზე იმ პარამეტრების გარდა, რომელიც ვახსენე, სხვა მნიშვნელოვნ თემებსაც შევეხო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური ზღვარის შემოღება – 3,9% მთლიანი შიდა პროდუქტისა, იქნება ადეკვატური პასუხი იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ დამატებითი რესურსები მომავალში. გამოთავისუფლებული თანხების მეშვეობით, რომ ვაწარმოოთ უფრო ეფექტურად ჩვენი სოციალური პოლიტიკა და განათლების მიმართულებით“,-განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული განვითარების დონე ზოგიერთ უწყებაში საკმაოდ მაღალია, ყველა სამთავრობო უწყებებზე იგივეს თქმა არ შეუძლია.

„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ექნება თითოეულ სამთავრობო უწყებას, ეს არის რომ განავითაროს ციფრული სერვისები და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შემდგომ პირდაპირ აისახება მნიშვნელოვანი თანხების ეკონომიებზე. აქვე მინდა შევეხო გამჭირვალობის ხარისხს. ჩვენ იანვარში ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი ბიუჯეტირების პროცესი და ბიუჯეტის გამჭირვალობა მსოფლიოში დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე გამჭირვალე ბიუჯეტთა რიცხვში და ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-5 ადგილზე ამ კუთხით, ე.წ „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ მაქვს მხედველობაში. მაგრამ ბუნებრივია, ქვეყანაში, როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ერთადერთი პროცესი, სადაც ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდეგ მისი განაწილება. ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველგან უზრუნველვყოთ, სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის გამჭირვალობა, ისეთი სისტემების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭირვალობის ძალიან მაღალ ხარისხს, საზოგადოებრივი ზედამხედველობის ძალიან მაღალ ხარისხს და უზრუნველყოფს იმას, რომ მინიმუმანდე იქნება დაყვანილი ამ მხრივ კორუფციული რისკები. ამ თვალსაზრისითაც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. რომ ბუნებრივია, 21- ე საუკუნეა და ამ კუთხით იზრდება გამოწვევები, შესაბამისად აუცილებლად მიმაჩნია მიდგომების შეცვლა ჩვენს ანტიკორუფციულ პოლიტიკაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ პრევენციის ხარისხი, გავზარდოთ ხარისხი იმისა, რომ მოხდეს იმ პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობით წარმართვა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, მე ვგულისხმობ დეცენტრალიზაციას, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური რეგიონული მმართველობა და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოითხოვს ახალ მიდგომებს”,-აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები