მამუკა ბახტაძე: ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა იქნება XXI საუკუნის მთავარი ტრენდი და საქართველომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
“როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, უნდა გვესმოდეს, თუ რა პოტენციალი აქვს იმ ძირითად აქტივებს, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ამ კუთხით, ბუნებრივია, ჩვენი ბუნება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ის, რაც ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ, ბუნებრივია, არის ძალიან გულდასაწყვეტი, შესაბამისად, ამ პრობლემას სჭირდება ძალიან პრინციპული მიდგომა. აქედან გამომდინარე, მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად, უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება XXI საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ როდესაც გვაქვს ამხელა წინაპირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მომავალი თაობის წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რაც მემკვიდრეობით გვერგო ჩვენი წინაპრებისგან”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები