მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების გზა გადის მხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე

„ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ეს არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხების გზა გადის მხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მცირე მეწარმეებისთვის პრობლემების გადაჭრა, მხოლოდ გადასახადების შემცირებით ვერ მოხერხდება.
„მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების ხუთჯერ შემცირებას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ხუთიდან ერთ პროცენტამდე და ზღვრის გაზრდას ასი ათასი ლარიდან, ხუთასი ათას ლარამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წავახალისოთ საქართველოში მცირე მეწარმეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ვინაიდან ეს არის, ხშირ შემთხვევაში, ძალიან არასწორი ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მხოლოდ გადასახადების შემცირებით ჩვენ შევძლებთ პრობლემების გადაჭრას კონკრეტული ჯგუფებისთვის. არა, მხოლოდ გადასახადების შემცირებით, ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის ამ პრობლემებს ვერ გადავჭრით. იმისთვის, რომ ეს რეფორმა იყოს სრულფასოვანი, ამავე დროს აუცილებელია, ჩვენ განვახორციელოთ სასტარტო კაპიტალის რეფორმა და აუცილებელია, უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს მცირე მეწარმეებს საშუალება ჰქონდეთ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია არამხოლოდ ვიწრო სპექტრზე და ხშირ შემთხვევაში არამხოლოდ ე.წ. ბაზრობის ტიპის დაწესებულებებზე, როგორც ეს ხდება, არამედ მოვახდინოთ მათი ინტეგრირება უფრო დამატებით ალტერნატიულ ღირებულებათა ჯაჭვში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო დოკუმენტების გაერთიანებას, ის რეფორმა რომელიც უკავშირდება დღგ-ს გადასახადს, ის, თუ როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება, უზრუნველყოფს სწორედ ამას, რომ მცირე მეწარმეებს აღარ ექნებათ ბარიერი, იმისთვის, რომ წვდომა ჰქონდეთ უფრო დიდ ბაზარზე“,- აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები