ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა, სამთავრობო პროგრამა და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” (სამთავრობო პროგრამა 2018-2020წ.) და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

კომიტეტის წევრებმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატს, კახა კახიშვილს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატს, სოზარ სუბარს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ქეთევან ციხელაშვილსმოუსმინეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ მთავრობის პროგრამის ის ნაწილი წარმოადგინა, რომელიც თავდაცვის სფეროს ეხება.

„ეს სფერო მთავრობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წარმოდგენილი პროგრამა ხაზს უსვამს, რომ ჩვენ განსაკუთრებულად აქცენტს ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანი და შესაბამისად, პროგრამა სრულიად ადეკვატურად, თავდაცვის თემის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს ამ ისტორიულ არჩევანს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ბოლო ექვსი თვის შედეგებზე, რაც მისივე განცხადებით, შემდგომში, თავდაცვის სფეროს პოლიტიკის საფუძველი გახდება.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობის გაძლიერების და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ წელს შესაძლებელი გახდა ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოება, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ბიუჯეტის 20% მიმართულია სწორედ აღჭურვილობაზე, რაც ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია, რომელსაც მხოლოდ 8 წევრი ქვეყანა აკმაყოფილებს და ჩვენ როგორც ერთ-ერთი სანდო და ღირსეული ასპირანტი ქვეყანა, სწორედ წლევანდელი წლის ბიუჯეტით, პარლამენტის მხარდაჭერით, ამ სტანდარტებს მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში შეძენილი იქნა ყველაზე ეფექტიანი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინების” სახით და ის უკვე საქართველოშია. მისივე თქმით, პირველად თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში, განისაზღვრა შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს 2019-2025 წლის პერიოდს.

როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ანტისატანკო სისტემასთან ერთად, ანტისაჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაა, მათ შორის, განსაკუთრებით, ტაქტიკური ანტისაჰაერო სისტემების უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, ერთი თვის წინ, აშშ-ში ვიზიტის დროს მან მიიღო პოზიტიური დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მიიღებს უახლეს ანტისაჰაერო ტაქტიკურ სისტემებს.

ლევან იზორიას განცხადებით, 18 მაისს, საქართველომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან ერთად დაიწყო ყველაზე ამბიციური პროგრამის – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება, რაც სამხედრო კომპონენტთან ერთად, მოიცავს სხვა კომპონენტებსაც. ლევან იზორიას განცხადებით, წელს, პარლამენტის პრინციპული მხარდაჭერით, იწყება აქტიურის რეზერვის იმპლემენტაცია.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობაზე და სამინისტროს საქმიანობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ისაუბრა სამინისტროს მიერ უკვე დაწყებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა და ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, შსს-ში დაწყებული რეფორმების ძირითადი მიმართულებაა რეფორმა კრიმინალურ პოლიციაში, რომლის მიზანია ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნა. გიორგი გახარიამ რეფორმის მიმდინარეობის დეტალებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საუბნო საქმიანობის მიმართულებით იქმნება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და წლის ბოლისთვის ჩამოყალიბდებაა სამი ძირითადი ფუნქციის მატარებელი კრიმინალური პოლიცია: საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული.

გიორგი გახარიას განცხადებით, სისტემური განახლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საპატრულო პოლიცია. მისივე თქმით, საპატრულოო პოლიციაში დაიწყება რეფორმების შემდგომი ნაბიჯები და ამის დასტურია მომსახურების ის ცენტრი, რომლიც უკვე ამოქმედდა საპატრულო პოლიციაში. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ფარგლებში უკვე შეიქმნა ქვეითი პატრულების კორპუსი, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას, განსაკუთრებით ტურისტული მნიშვნელობის ცენტრებში.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა საზღვრის კონტროლის საკითხებზე და ამ სფეროში უკვე განხორციელებულ რეფორმებზე. მისივე თქმით, შეძენილი იქნა „აილენდის” კლასის ორი გემი, რომელიც უსაფრთხოების ზრდასთან ერთად სასაზღვრო პოლიციას საშუალებას აძლევს სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს შავ ზღვაზე ნატოს სწავლების კომპონენტში.

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ვერანაირი წარმატება კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება გამართლებული, თუ ვერ დავიცავით ადამიანის უფლებების დაცვის ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც დღეს ჩვენი გარემო, ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი მთავრობა სთავაზობს ჩვენ მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ, პირველი ინოვაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინსიტროში მოხდა გახლდათ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 1 ივლისად 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. მისივე თქმით, წელს, სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყება ბინათმშენებლობის ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს თბილისს, ქუთაისს, ზუგდიდს, ბათუმს და რუსთავს.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, საერთაშორისო თავშესაფრის მაძიებელი პირები საკითხები, ეკოლოგიური პროცესების შედეგად დაზარალებული ადამიანების-ეკომიგრანტების დახმარება, 1990-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის ომის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიება აფხაზეთის მიმართულებით და გასული საუკუნის 40-იან წლებში დეპორტირებული ადამიანების რეპატრიაცია სამშობლოში.

სოზარ სუბარმა სამინისტროს საქმიანობის თითოეულ მიმართულებაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიწოდა.

მისი განცხადებით, ამ ხნის განმავლობაში 110 ათასი დევნილია უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. „ეს არის 38 670 ოჯახი და მათგან 15 600 ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოხდა ბოლო ხუთი წლის განმალობაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თითოეული ეს საცხოვრებელი არის ღირსეული და კეთილმოწყობილი შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებით”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარი არც ერთი ძალით გამოსახლების ფაქტი და ამ მომენტისთვის მიმდინარეობს 2134 ბინის მშენებლობა.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დევნილებს იმ ელექტრონულ სერვისების მიღება, რომელსაც ამჟამად მხოლოდ სამინისტროდან ან მისი რეგიონული სამმართველოებიდან იღებენ, ასევე შეეძლებათ მიიღონ იუსტიციის სახლებში.

აფხაზეთის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე საუბრისას, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიმართა 11 ქართულ- აფხაზური შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით.

„უკვე მოძიებული და იდენტიფიცირებულია 148 ადამიანის ნეშტი, რომელიც დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს. 177 ადამიანის ნეშტი არის ეგზუმირებული და მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცესი”,-განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც განხორცილდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში და იმ გეგმებზე, რომელიც შეეხება ამ სისტემის განვითარებას.

მისი განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელის, სტავროს ლამბრინიდის შეფასებით, საქართველოში განხორციელებული პენიტენციური სისტემის რეფორმის მოდელით შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც გატარდეს რეფორმა. კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული რეფორმა პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სამინისტროს ახალი ინიციატივა დაუკავშირდება შრომით რეაბილიტაციას. მისივე თქმით, მიღებულია პატარა ციხეების მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება. კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მალე წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნეს მიეცემა დაინტერესება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნას სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემდგომში, გამოკლებულ დღეებზე შეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელიც კანონით არის დადგენილი, ეს იქნება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა იმ ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს.

კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ მეორე საკანონმდებლო ინიციატივა დაკავშირებული იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მსჯავრდებულების დ ბრალდებულების სამედიცნო მომსახურების ეფექტურობის გაზრდასთან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა პენიტენციური სისტემის დაწესებულებების გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვაზე, ციხეებში მიმსვლელთა შემოწმების სამსახურზე და სხვა საკითხებზე.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, დაგეგმილია მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელება, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შემოღებას შეეხება.

მისივე თქმით, სასამართლოების გადატვირთულობის მიმართულებით, შემოთავაზებული იქნება კანონპროექტი მედიაციის შესახებ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მან დაასრულა მოლაპარაკება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან და ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გახდეს საარბიტრაჟო ჰაბი.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსის ასობით მუხლთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია შემუშავებულია, რომელიც მალე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო დავების ფარგლებში სახელმწიფოს ინტერესების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახლახანს გამოვიდა სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.

„საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არის და მომავალშიც იქნება თანმიმდევრული მწყობრი, დინამიური, რაც მიმართული გახლავთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და განვითარებაზე”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივას მხარს უჭერს როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე, ამ ინიციატივის ძირითად მიმართულებებზე და განსახორციელებელ ნაბიჯებზე.

„ამ ინიციატივის გამოქვეყნებიდან არის აშკარად გამოხატული მოლოდინები და ინტერესი საზოგადოების მხრიდან, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ვგულისხმობ საზოგადოებას დღეს გამყოფი ხაზების მეორე მხარეს, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოხსენებების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირეს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები