“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონფლიქტითა და ხელოვნური ხაზებით დაშორიშორებული საზოგადოება შერიგდეს და ერთმანეთი დავიბრუნოთ”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამით წარსდგა.
საპარლამენტო ტრიბუნიდან ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა სრული საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს პარტნიორების მხრიდან. მისი თქმით, სიახლით დაინტერესებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებიც ინიციატივით გათვალისწინებულ პროგრამებსა თუ პროექტებში ჩართვის სურვილს უკვე გამოხატავენ.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ხელისუფლება არასოდეს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, მითუფრო სიცოცხლის უფლების წართმევას, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს დამნაშავეების გამოსავლენად და შემდეგ უკვე მათ დასასჯელად.
„გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ კონფლიქტითა და ხელოვნური ხაზებით დაშორიშორებული საზოგადოება შერიგდეს და ერთმანეთი დავიბრუნოთ. ეს არის განუყოფელი ნაწილი და ხედვა იმ მთავარი ამოცანისა, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს – ერთიანი მომავალი ერთიან ევროპული ტიპის სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, დაცულია. თითოეული მოქალაქე თანასწორია და ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ეს ყველაფერი ასახულია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მთელს რეგიონში. ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ.
„ჩვენი ხედვა ეფუძნება პრინციპს – მეტი მრავალფეროვნება და მეტი ინტეგრაცია. აღარავის აღარასდროს უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენი განსხვავებულობა გამოიყენოს ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჩვენს დასაპირისპირებლად. პირიქით – ეს მრავალფეროვნება და ინტეგრაცია უნდა ვაქციოთ განვითარების უნიკალურ წყაროდ,“ – განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ქეთევან ციხელაშვილმა.
საკომიტეტო განხილვების ბოლოს, ყველა კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტში წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები