მამუკა ბახტაძე: მცირე მთავრობის კონცეფციით, 100-120 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფცია განმარტა და განაცხადა, რომ მცირე ზომის მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს ნიშნავს. მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, 100-120 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ქვეყნის ეკონომიკას მშპ-ის 3,9%-ზე მეტი არ უნდა უჯდებოდეს.
„მსურს განმარტება გავაკეთო მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, რათა მოსახლეობას ჰქონდეს კარგი სურათი, თუ რას ნიშნავს ეს. მცირე ზომის მთავრობა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკაში მის მცირე წილს. ჩვენ ამ მიმართულებით გვქონდა პროგრესი, რომ შევამცირეთ ეს წილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქვეყნის ბიუროკრატია და მმართველობითი ორგანოები უნდა იყოს იმ ზომის, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ეფექტურად, ოპერატიულად და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან იმ დღემდე, როდესაც ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღებულ სერვისს ან სიკეთეს, დრო იყოს მაქსიმალურად შემცირებული. ჩვენ არცერთ ფუნქციას არ დავაკნინებთ. პირიქით, სამინისტროების შერწყმა განხორციელდება ორგანულად, ფუნქციების და ამოცანების მიხედვით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა არ უჯდებოდეს ძალიან ძვირი და აქედან გამომდინარე, შემოგვაქვს მაქსიმალური ზღვარი – ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,9%, რაც თანხაში ნიშნავს, რომ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი გამოვათავისუფლოთ თავისუფალი რესურსის სახით და მივმართოთ იმ სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის განათლების მიმართულებაზე, რომელიც უფრო დიდი პრიორიტეტია“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები