ლევან დავითაშვილი: არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გასული, რომ ხდებოდა ვითომდა საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება

ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეათანხმოს ხეების გადატანის, ან რეკულტივაციის გეგმები, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა.
დავითაშვილის განმარტებით, ნებართვების გაცემის გეგმებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. კანონმდებლობის აღსრულებაზე მონიტორინგს კი ახორციელებს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და ეს ხდება ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში.
„ამ შემთხვევაშიც საუბარია კერძო კომერციულ კომპანიებზე, რომლებიც ატარებენ გადატანის სამუშაოებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ზიანის თანხის დაანგარიშება მოხდება. თუმცა ეს გეგმები არსებობს და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რეკულტივაციის გეგმები შეასრულონ. რაც შეეხება ხეებს და ეკოლოგიურ კატასტროფას, ეს თქვენც იცით და ამაზე არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გასული თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით, რომ ხდებოდა ვითომდა საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება. ხშირ შემთხვევაში ნაჩვენები იყო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა თავისი გადაწყვეტილებით იყო მომხრე, რომ ხეები გაესხვისებინა. ეს იყო წარმოჩენილი სხვანაირად. დღევანდელი ფორმატის გამოყენებასაც თქვენ ახდენთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, ვინც ამასთან კავშირში არ არის. დენდროლოგიური პარკი იქნება ქვეყანაში და ეს კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები