თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლებს შეხვდა.ნ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

„პარლამენტში უკვე ინიცირებულია ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, თუმცა არის სხვა სახის ცვლილებებიც. ვფიქრობთ, რომ  ბევრი საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა როგორც პრობლემა, ამ რეგლამენტით მნიშვნელოვნად პოზიტიურისკენ შეიცვლება.

ვინაიდან კონსტიტუცია ძალაში  ნოემბერში შედის, ჩვენი ამოცანაა ამავდროულად ძალაში შევიდეს რეგლამენტიც, თუმცა მანამდე გვაქვს დრო და შესაძლებლობა, რომ პირველ მოსმენამდეც, მეორე მოსმენამდეც, პრინციპების დონეზე და მუხლობრივ დონეზეც გავაგრძელოთ კონსულტაციები”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დოროტადლოუხი-სულიგამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის მონაწილეებს  ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული  ძირითადი სიახლეები გააცნო. მისი  განცხადებით, რეგლამენტის რეფორმის ძირითადი მიმართულებებია: საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესება, პარლამენტის სტრუქტურის ცვლილება და რეგლამენტის სამართლებრივ-ტექნიკური გაუმჯობესება.

კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია:

  • პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატებით;
  • პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში;
  • ინტერპელაციის წესის დამკვიდრება – პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს (ნაცვლად 10-კაციანი ჯგუფისა), ან ფრაქციას, უფლება ექნება, შეკითხვით მიმართოს საქართველოსმთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაცშემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება;
  • მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე;
  • მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა;
  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება;
  • ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე;
  • თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა;
  • პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ანგარიშების ნიმუშების შემოღება.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეგლამენტის პროქტი ითვალისწინებს:

  • თემატური მომხსენებლის დანიშვნას;
  • დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას;
  • პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას;
  • და მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის;
  • პარლამენტის როლის გაძლიერებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების კუთხით და სხვა.

პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, ასევე, ითვალისწინებს: მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივებას, სხვა დროებითი კომისიების შექმნის თემატური შეზღუდვის გაუქმებას და გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოებად ჩამოყალიბებას.

„დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტის წევრები, მიუხედავად მათი პოლიტიკური ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, ამ მნიშვნელოვან რეფორმას მხარს დაუჭერენ, იმიტომ, რომ ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარლამენტის ინსტიტუციურად გასაძლიერებლად.  ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მმართველი  პარტიის ინტერესი, ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესი, რომელიც პარლამენტშია  წარმოდგენილი”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ივლისის დასაწყისში მოხდება ახალი  რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა როგორც საკომიტეტო მოსმენების, ასევე პლენარული სხდომის ფორმატში, ხოლო პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა უკვე სექტემბერში გაიმართება.

ახალი რეგლამენტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა  დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის  წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებმა.

რეგლამენტის ახალი პროექტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები