პარლამენტში, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე, სავარაუდოდ, 20 ივნისს იმსჯელებენ

„მიმდინარე კვირაში დაგეგმილია რიგგარეშე სხდომის გამართვა. ბიუროს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რათა 20 ივნისს გაიმართოს სხდომა, სადაც განიხილება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. მანამდე კი, აღნიშნულ საკითხზე, ხვალ კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში, მოსმენები გაიმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საკითხის განხილვის შემოთავაზებული განრიგი გააცნო. განრიგის მიხედვით, ხვალ 10:00 საათზე, პარლამენტის თბილისის სასახლეში, ორი პარალელური საკომიტეტო მოსმენა გაიმართება, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. მინისტრობის ოთხ კანდიდატს მოუსმენენ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებული სხდომა კი განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას დაეთმობა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, ასევე, 11:00 საათზე გაიმართება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ექვს კანდიდატს მოუსმენენ. ხოლო საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენას დაეთმობა.

რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფების ნაწილს, 12:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომით დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს 13:30 საათზე – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები”, 14: 30 საათზე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” და 15:30 საათზე – საპარლამენტო უმცირესობა მოუსმენს.

ირაკლი კობახიძემ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურის ვადებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით. იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.

იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება, უკვე რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 3 კვირაში, მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა, წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება, ასევე, შინაარსი, სამთავრობო პროგრამის, ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, შესაბამისად, განახლება შეეხება, ასევე, სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე, დაახლოებით, 3 კვირის თავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ საკომიტეტო სხდომებსა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში გასამართი მოსმენების რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა.

„რეგლამენტის თანახმად, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა. ამ პრინციპიდან გადახვევა გვქონდა ჩვენ წინა მოსმენის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არამედ, ასევე, სხვა პირები, არა ფრაქციის წევრები, არა დეპუტატები, რომლებიც, ასევე, კითხვებსაც სვამდნენ მთავრობის მიმართ, რაც არის, ბუნებრივია, რეგლამენტის საწინააღმდეგო მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ უნდა მივყვეთ რეგლამენტით დადგენილ პროცედურას. რა თქმა უნდა, სხდომები იქნება ღია და საჯარო, ექნება ნებისმიერ პირს იმის საშუალება, რომ დაესწროს სხდომას, მეორე იარუსზე, სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, თუმცა, რაც შეეხება დარბაზს და რაც შეეხება კითხვა-პასუხს, იქნება, რა თქმა უნდა, კითხვების დასმა შესაძლებელი პარლამენტის წევრთა მხრიდან. კიდევ ერთხელ, ეს არის შეხვედრა ფრაქციასთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და არა შეხვედრა შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომის დასასრულს დეპუტატები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები