“სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურის საკითხი სტრუქტურულ ცვლილებებში არ შედის.
“სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად იყო და მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ. მთლიანობაში ხედვა მცირე მთავრობასთან დაკავშირებით მისაღებია.
მოსაზრებების და მსჯელობის პროცესი კიდევ გველოდება წინ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ბესელიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „ეს მსჯელობის საგანია და საკითხი დღის წესრიგში დგას“.
“ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, ვინაიდან კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. მას ბმა და ანგარიშვალდებულება ექნება მხოლოდ პარლამენტთან”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ კახა კახიშვილი შესაძლოა გადავიდეს მთავარ პროკურორად, ბესელიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები