კაკულია ნათელაშვილის განცხადებაზე: პოლიტიკოსები ზოგჯერ უნებურად, აღიარებით ჩვენებებს აძლევენ ხოლმე

სამწუხაროდ, ამ აქციის პოზიტიური ნაწილი, რომელიც იყო აბსოლუტურად ჯანსაღი საზოგადოების თანადგომის სურვილი ზაზა სარალიძის მიმართ, ძალიან ცუდ ფერებში გადაიყვანა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ – ამის შესახებ დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა.
კაკულიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა.
„პოლიტიკოსები ზოგჯერ უნებურად, აღიარებით ჩვენებებს აძლევენ ხოლმე, არიან ასეთი პოლიტიკოსები ჩვენთან. საზოგადოება მათ კარგად იცნობს. მე ყველაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არის თემები, რომლებიც ხელის გულზე იმდენად დევს, რომ კომენტარს არც კი საჭიროებს და საზოგადოებას აქვს ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია.
სამწუხაროდ, ამ აქციის პოზიტიური ნაწილი, რომელიც იყო აბსოლუტურად ჯანსაღი საზოგადოების თანადგომის სურვილი ამ ადამიანის მიმართ, ძალიან ცუდ ფერებში გადაიყვანა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ.
მგონი ორიგინალური არ ვარ, როცა ამას ვამბობ და სამწუხაროა, რომ ამ საზოგადოებას არ მიეცა საშუალება, ბოლომდე გაეგრძელებინა პროტესტი. ვაფასებ, როდესაც ადამიანები სახლიდან გამოდიან სხვა ადამიანების ტკივილის გამო. ჩვენი საზოგადოების წინსვლას უწყობს ხელს და ეს პროცესი რომ დააზიანეს სხვადსხვა პოლიტიკურმა ძალებმა, ესეც საზოგადოებამ კარგად აღიქვა და სწორი დიაგნოზი დასვა“,- განაცხადა რომან კაკულიამ.
შალვა ნათელაშვილის განცხადება რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ორგანიზებას ეხებოდა.
“ეს აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ. დაწყებიდან, დამუხტვიდან დაწყებული, შიდა იდეოლოგიური უზრუნველყოფა, გარე იდეოლოგიური უზრუნველყოფა და ორგანიზაციული მხარე, მოგვარებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ არ ვჩანდით ისე აქტიურად ტრიბუნაზე, გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ საქმე მაინც ეხებოდა შვილმოკლულ მშობლებს და იქ ძალიან პოლიტიკური დროშებით წინ წამოწევა არ იქნებოდა სწორი“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები