ტატო ხუნდაძე: პრემიერის ეკონომიკური მიზეზების გამო შეცვლა, სახელმწიფოს განვითარებაში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

ბოლო 27 წლის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მიზეზების გამო იცვლება – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხუნდაძის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ცალსახად მისასალმებელია.
„ბოლო 27 წლის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მიზეზების გამო იცვლება. ამ დრომდე მეტწილად, პოლიტიკური საკითხების, დაპირისპირებების გამო იცვლებოდნენ პრემიერ-მინისტრები და მთავრობები. ის, რომ დღეს ეკონომიკური მიზეზების გამო იცვლება პრემიერ-მინისტრი, არის ჩვენი – როგორც სახელმწიფოს განვითარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა არის ის საკითხი, რომლის ირგვლივაც განვითარებულ ქვეყნებში დებატები მიმდინარეობს. ეკონომიკა არის ის საკითხი, რაც ყოველდღიურად გვეხება – ეს არის უმუშევრობა, სიღარიბის დონე და ა.შ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.
ხუნდაძე მამუკა ბახტაძის მიერ ჯერ კიდევ ფინანსთა-მინისტრობის პერიოდში დაანონსებულ რეფორმებს მისასალმებელს უწოდებს და იმედოვნებს, რომ კონკრეტული ღონისძიებები ქვეყანაში სიღარიბის დამარცხების და ეკონომიკურ განვითარების ეფექტური გზა იქნება.
„რადგანაც მამუკა ბახტაძე მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების და არა სხვა ეფემერული პრობლემების გადაჭრას, რაზეც მეტწილად აქამდე საუბრობდნენ, – ეს არის უკვე მისასალმებელი. რაც შეეხება მოლოდინებს და წინასწარ შეფასებებს, მინიმუმ 100 დღეა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ, რა იქნება მისი პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები ნაწილობრივ ჩანს – ეს არის განათლების, საბანკო სექტორის რეფორმა, ის, რომ ეკონომიკა გახდეს უფრო ინკლუზიური და მოიცვას მთელი მოსახლეობა და არა რომელიმე კონკრეტული ფენა. ამასთან, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდება, როგორ აპირებს ბახტაძე ამ მიმართულებებზე მუშაობას. შემდეგი ერთი წელი კი გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად განახორციელებს მამუკა ბახტაძე ამ რეფორმებს“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები