ბექა ოდიშარია: ოპოზიციური პარტიების მხრიდან გახშირდა ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან გახშირდა ქართული საზოგადოებისათვის და მენტალობისთვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. მისივე თქმით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა.
“ბოლო პერიოდში (ვფიქრობ, ხელოვნურად), ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ ქართული საზოგადოებისათვის და მენტალობისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, თავისი არსით, პროვოკაციაა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი და ამაზრზენი ამ განცხადებებში პოლიტიკოსების შვილების, ოჯახის წევრის ირიბი თუ პირდაპირი ლანძღვა და მათ მიმართ ცილისმწამებლური თუ სხვა იაფფასიანი ტყუილების ტირაჟირება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოზარდებს შორის აგრესიული დაპირისპირებების კასკადმა და გამომდინარე, ტრაგიკულმა შედეგებმა და ამ მოვლენით საზოგადოების შეშფოთებამ სამართლიანად გადააჭარბა სხვა ნებისმიერ სოციალურ პრობლემას.
მე მინდა კითხვა დავუსვა ამ პასკვილური განცხადებების ავტორებს: არიან კი ისინი მზად, აიღონ პასუხისმგებლობა იმ შესაძლო სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება, მოჰყვეს თუნდაც თანატოლების მიერ ზემოხსენებული ახალგაზრდა ადამიანების, პოლიტიკოსების შვილების, ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ აგრესიულ ქმედებებს?!
პატივცემულო ოპონენტებო, პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ყველაფრის კადრება არ შეიძლება! გვახსოვდეს, რომ არსებობს ამქვეყნად გაცილებით მეტი ღირებულებები, მიზნები და ამოცანები, ვიდრე სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა!”,-აცხადებს ოდიშარია.