თამარ ხულორდავამ მარტინ კოსატკასთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარტინ კოსატკას შეხვდა.
„საქართველო აფასებს ჩეხეთის რესპუბლიკის მყარ პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი დინამიური ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება იყო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთო ეკონომიკური ინტერესების არსებობის აუცილებლობაზე და ჩეხეთის ბიზნეს სექტორის საქართველოს ბიზნესგარემოთი მეტად დაინტერესების საჭიროებაზე.
შეხვედრაზე თამარ ხულორდავამ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
„ჩეხეთში შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტია, რაც აფერხებს ჩეხეთის ეკონომიკურ ზრდას. ამდენად, ეს საკითხი ორივე მხარისთვის შესაძლოა იყოს საინტერესო და სარგებლის მომტანი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
თავის მხრივ, მარტინ კოსატკამ აღნიშნა, რომ სამინისტრო, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად, ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებს და არსებულ შესაძლებლობებს შეისწავლის. მხარეებმა, ასევე, საკანონმდებლო დაახლოების საკითხებში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებიც განიხილეს.