პრეზიდენტი პარლამენტისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოსთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს.

შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

„ამ შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედონ თანამდებობის პირებმა, ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ცალსახად კონსტიტუციის 80-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც ამას კონსტიტუცია განსაზღვრას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ნათლად დააფიქსირა და საჯაროდ თქვა მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა არჩევანი. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხი, ეს არის, რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს კონსტიტუცია და ბუნებრივია, პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რასაც აკისრებს ქვეყნის კონსტიტუცია. პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს შვიდი დღის ვადა, თუმცა, ეს აქტი გამოიცემა დღეს და პრეზიდენტი მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რასაც აკისრებს მას კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს და ეს ნათელი იყო, როდესაც მან ისაუბრა, რომ მისი შეხედულებით მოცემულ სიტუაციაში მმართველ გუნდს უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მმართველმა გუნდმა წარმოადგინა სხვა კანდიდატურა და ამ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი დღეს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს მისი განკარგულებით“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მმართველმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები