ბალტიის ასამბლეა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ” სირიის გადაწყვეტილებას გმობს
ბალტიის ასამბლეა სირიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების-აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, განცხადებას ავრცელებს.
“ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი მკაცრად გმობს სირიის გადაწყვეტილებასსაქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
ბალტიის ასამბლეა მიიჩნევს, რომ სირიის ეს გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, რაც განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით.
ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვუჭერთ მხარს კონფლიქტის მოგვარებას და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ კონფლიქტის გადასაჭრელად“,- ნათქვამია ბალტიის ასამბლეის განცხადებაში.