მთვარისა ნავერიანი: ნიკა გვარამიამ ცინიკური ბოდიშის მიუხედავად, პასუხი მაინც უნდა აგოს

“ჩემთვის შეურაცხმყოფელია ნიკა გვარამიასგან ასეთი საქციელი, რადგან ეს არის ცინიკურად მოხდილი ბოდიში და მართლაც რომ მოინანიოს, მან მაინც უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”, – ასე გამოეხმაურა მოქალაქე მთვარისა ნავერიანი მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტს, სადაც მას ბოდიშს უხდის 31 მაისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე შეურაცხყოფისთვის.

მთვარისა ნავერიანმა პროკურატურას თხოვნით მიმართა, გამოიძიოს ეს კონკრეტული საქმე და ნიკა გვარამია შესაბამისად დაისაჯოს.

“ჩემი გაღიზიანება კიდევ უფრო იმან გამოიწვია, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ ღამის პირველ საათზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ცინიკურად მიხდიდა ბოდიშს. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ეს არ არის ბოდიში და რომც მოინანიოს, მან მაინც კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნიკა გვარამია გამორჩეული არ არის. ამიტომ, პროკურატურას ვთხოვ, გამოიძიოს ეს საქმე და გვარამია დაისაჯოს კანონის შესაბამისად”,-აღნიშნა მთვარისა ნავერიანმა.

მან აქციაზე მომხდარი დაპირისპირება კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ მასზე ნიკა გვარამიას გარდა, მასთან ერთად მყოფმა სხვა პირმაც იძალადა.

“31 მაისს ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ვიმყოფებოდი, სადაც ვთქვი, რომ ვინც იქ სისხლიანი ხელებით იდგა, გვერდზე უნდა გამდგარიყო. რის შემდეგაც, თავს დამესხა ნიკა გვარამია, ხელი დამარტყა გულ-მკერდის არეში და მაჯანჯღარებდა. ძალადობა მასთან ერთად მყოფმა პირმა გააგრძელა, რომელიც დღემდე არ ყავს გამოძიებას ამოცნობილი. ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე შევიტანე განცხადება ისანი-სამგორის მე-3 სამმართველოში, ჩამიტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც, სადაც დადასტურდა ცემის ფაქტი. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიას ხელს აფარებენ, პასიურია პროკურატურა”,-განაცხადა მოქალაქე მთვარისა ნავერიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოქალაქე მთვარისა ნავერიანს ბოდიში მოუხადა აქციაზე შეურაცხყოფისთვის. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეეკავებინა.

“ბოდიშის მოხდა არ ტეხვს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.
აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე – არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სუს-ის პროვოკატორიცაა, სრულიად დარწმუნებული ვარ და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

ბოდიში, ქალბატონო მთვარისა”,- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები