თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები აქვს მიღებული

საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა” პირველი სამუშაო დღე საღამოს სესიით დასრულდა, რომლის დისკუსიის თემას აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა წარმოადგენდა.

სესიის მოდერატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მიერ უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე და მათ ქმედით შედეგებზე ისაუბრა. საკითხზე მსჯელობისას, სოფიო ქაცარავამ ყურადღება საქართველოს მაგალითზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში, სესიაზე არაერთხელ დასვა საკითხი თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, რაც საქართველოს და მის მოსახლეობას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს.

საკითხის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მოხსენებით წარსდგა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი.

„ეს დისკუსია მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მასში მონაწილეობენ სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ პოლიტიკას თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს უკვე აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ახლა საკითხი დგას, რომ გამოიკვეთოს შემდგომი ნაბიჯები კონკრეტული, ხელშესახები, საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივად აღთქმადი მიღწევებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებამდე ეტაპობრივად მიეცემა საქართველოს და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობისთვის მუდმივად ხელშესახები იქნება მისი სარგებელი და პოზიტიური მხარეები ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნების სინქრონიზებულ ძალისხმევაზე ისაუბრა, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკავშირებთ.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა შექმნეს, რაც სამივე ქვეყანას ევროკავშირისკენ სავალ გზაზე კოორდინირებული მოქმედებების და ერთობლივი პლატფორმის შექმნის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები