თამარ ხულორდავა: დიდი ბრიტანეთი ჩვენი ევროპული არჩევანის მყარი მხარდამჭერია

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, პირველ მოადგილესთან, ირინა ფრუიძესთან ერთად, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის თანადირექტორს, რუპერტ აინლის შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. რუპერტ აინლიმ პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესში, საქართველოსთვის კიდევ უფრო აქტუალური ხდება ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დიდი ბრიტანეთის, როგორც ძლიერი ევროპული ქვეყნის, მხარდაჭერას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ გვაქვს მისი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში. გაერთიანებული სამეფო ტოვებს ევროკავშირის შემადგენლობას და ამ პროცესში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურება. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, დიდი ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, მაგრამ ის რჩება ევროპაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ასეთი ძლიერი ევროპული ქვეყნის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს შენარჩუნდეს. ეს ჩვენ დაგვეხმარება ჩვენი ევროპული ამბიციების განხორციელებაშიც და ზოგადად, განვითარებაში დაგვეხმარება. ვიტყოდი, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოში, როგორც დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ჩვენი ახალგაზრდების განათლებაში ძალიან ბევრი რესურსი იდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები