როგორ მოხდება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება კონსტიტუციურად – ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტება

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების კონსტიტუციურ ნაწილზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში უწყდება მთავრობას უფლებამოსილება.
„პირველ შემთხვევა არის ის, რომ ახლადარჩეული პარლამენტი პირველ შეკრებაზე შეიკრიბება, ამ შემთხვევში მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას და იწყება ახალი მთავრობის ფორმირება.
მეორე შემთხვევაში – პარლამენტმა უნდობლობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას, მთავრობა გადადგება. შემდეგ უნდა იქნას არჩეული და შექმნილი ახალი მთავრობა.
მესამე – პრემიერ-მინისტრის გადადგომა. ამ შემთხვევაში ხდება მთელი მთავრობის გადადგომა. დანარჩენ მინისტრებსაც უწევთ უფლებამოსილების შეწყვეტა. ვაკუუმი რომ არ შეიქმნას, იგივე მთავრობას ეკისრება მოვალეობის შესულება, ახალი მთავრობის შექმნამდე“,- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას კონსტიტუციონალისტმა ის ვადებიც მიმოიხილა, რომელსაც კონსტიტუაცია მთავრობის დასამტკიცებლად იძლევა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შვიდი დღის ვადაში დაასახელებს, თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატი აგრეთვე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მთავრობის შემადგელობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტში ნდობის მისაღებად წარსდგება. დემეტრაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული სამთავრობო პროგრამა, მთავრობის პერსონალური შემადგენლობა და გადაწყვიტოს გამოუცხადოს ნდობა თუ არა.
„შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის მიწოდებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა. „ქართული ოცნება“ წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და პრეზიდენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა დაავალოს მას მთავრობის შექმნა და პარლამენტში წარდგენა. შერჩეული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეარჩევს დანარჩენ წევრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, ასევე შვიდი დღის ვადაში, წარსდგება ნდობის მისაღებად პარლამენტში“,- აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანას ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის მაქსიმუმ 21-დღიანი ვადა აქვს.
კონსტიტუციონალისტმა იმ შემთხვევაზეც ისაუბრა, თუ ახალ მთავრობას, ნდობის მისაღებად, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება.
„ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლეობის მხარდაჭერა. სულ 150 დეპუტატია. იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს და მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდეს, საჭიროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა.
ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ნახა 76 მხარდამჭერი, ასეთ შემთხვევაში პირველი წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში, კვლავ შეიძლება იგივე ან სხვა შემადგენლობის წარდგენა და ხელმეორედ კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც არ გამოუცხადა ნდობა, აქ უკვე უმცირესობას ექნება უფლება თავისი კანდიდატურა წარადგინოს, ანუ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარლამენტის წევრთა 2/5-ით მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაასახელებს. ანუ 60 დეპუტატს უფლება ექნება, თუნდაც ორი კანდიდატი წარადგინოს. პრეზიდენტი ამ ორიდან შეარჩევს იმას, ვისაც უფრო მეტი ხმა აქვს. თუ უმცირესობის მიერ დასახელებული კანდიდატურასაც ვერ გამოუცხადეს ნდობა, მაშინ პრეზიდენტი სამი დღის ვადაში ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას და დასძინა რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები