ადვოკატი: ალახვერდიევს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ
მარნეულის ინციდენტში დაზარალებულის, ელჩინ ალახვერდიევის ოჯახის წევრის ინფორმაციით, კონფლიქტსა და ვიდეოს გადაღებაში არა ოთხი, არამედ გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
“როგორც ვიცი, შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, მას მოაკითხეს და მანქანაში ჩასვეს. ინციდენტში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ვინ და რატომ ჩაიდინა ეს, არ ვიცი დაზუსტებით. ამბობენ, რომ თემურ აბაზოვიც იქ იყო, ასევე “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებიც. ამ ინციდენტამდე ის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა. არ ვიცი რატომ იყო მიტინგზე, ან მათ ოფისში, ყველამ იცის, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერია”, – ამბობს დაზარალებულის ახლობელი.
როგორც დაზარალებულის უფლებადამცველმა განაცხადა, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, სექსუალური მუქარის ფაქტებიც იყო.
შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის – საკრებულოს წევრები.