ზურაბ გურიელიძე: ცხოველების ვოლიერები მაღალი რისკის ზონაში, ფაქტობრივად, აღარ დგას

ზოოპარკის დირექტორის,ზურაბ გურიელიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის ძველი ზოოპარკის ლანდშაფტი სრულად შეცვლილია და ვოლიერები მაღალი რისკის ზონაში, ფაქტობრივად, აღარ არის განთავსებული.
შესაბამისი განცხადება ზოოპარკის დირექტორმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის აღდგენის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„სტიქია ყოველთვის სტიქიაა და მისი სრულად განეიტრალება ჯერჯერობით ადამიანების ძალებს აღემატება, სადაც არ უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ არაპროგნოზირებად სტიქიაზე, როგორიც წყალდიდობაა. 2015 წლის სტიქიისას, ზოოპარკი 15 წუთში მთლიანად დაიტბორა და იმ დროს ძალიან რთული იყო რაიმეს გაკეთება. 100% -იანი გარანტია არ არსებობს, თუმცა დღეისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია – მთლიანად შეცვლილია ძველი ზოოპარკის ლანდშაფტი და შესაბამისად, ცხოველების ვოლიერები იმ მაღალი რისკის ზონაში, ფაქტობრივად, აღარ არის. ნაწილი შეიძლება იყოს, თუმცა ყველა ცხოველს აქვს შესაძლებლობა, რომ იგივე მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში განერიდონ წყალს და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ, რთული წარმოსადგენია, შესაძლებელი იქნება თუ არა, ეს უფრო დიდი მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში, თუმცა, ალბათ ესეც შესაძლებელია. ფაქტია, რომ წინასწარ ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. “, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, 21 ადამიანი, მათ შორის, ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, ასევე, დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები