საბურთალოს რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით, საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ დღევანდელ ფორუმზე ბევრი ადამიანი დასაქმდება.

„მაჟორიტარის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, რომლებიც ხშირად მოგვმართავენ დასაქმების თხოვნით. შეიქმნა ასეთი პლატფორმა ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტთან ერთად. იმედია, ფორუმი წარმატებული იქნება,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

„ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით დადებით შედეგს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ასეთ პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთოს და დასაქმდეს,“- განაცხადა დავით უთმელიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან კარგი საშუალებაა როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი წარმატებული იქნება.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება დასაქმების კუთხით ახორციელებს.

დღევანდელ ფორუმში 23 კომპანია მონაწილეობდა, რომლებსაც 2000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი. ეს არის რიგით მეოთხე დასაქმების ფორუმი, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები