„EBRD“-ის ყოველწლიური შეხვედრები თბილისში უნიკალური შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში“

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების გამართვა თბილისში უნიკალური შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი, ის 20 წელია საქართველოში მუშაობს. მისი დამფუძნებელია 60 ქვეყანა და მათი დელეგაციები ეწვევიან საქართველოს. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის მაისში თბილისში ჩამოვა 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და დანარჩენი ქვეყნების სხვა მინისტრები. ჩამოვა 1 500-ზე მეტი ბიზნესმენი. ესაა უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა, არ ყოფილა არც კავკასიაში”, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, ინიციატივა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის შეხვედრისას პირველად გაჟღერდა. „თბილისი 2015 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ჩვენ ამ ღონისძიების მოსამზადებლად 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით – სექტემბერში თბილისს ეწვია „EBRD“-ის შემფასებელი მისია, რომელმაც შეამოწმა ინფრასტრუქტურა და ის, რამდენად მზად ვართ ასეთი ღონისძიების ჩასატარებლად. ეს იქნება ძალიან კარგი საივესტიციო ფორუმი და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები